საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დევნილებს შეხვდა

11/06/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი უჯმაჯურიძე მარნეულში დევნილებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამა“ იყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას მარნეულის მუნიციპალიტეტში. მარნეულის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტთაგან, სადაც სააგენტოს ახალი პროგრამა ვრცელდება.

„მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს დევნილთა და ადგილობრივი თემის მოწყვლადი წევრების ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისევე როგორც მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, ფოთის, სენაკის, წალენჯიხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტბში მხარდაჭერილი იქნება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა,  რათა გაიზარდოს მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. პროგრამა ხელს შეუწყობს  20 მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის  განვითარებასა და გაფართოებას. გამარჯვებული დევნილი მეწარმეები მიიღებენ 5000 - დან 10000 ლარამდე დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების შევსება უკვე დაწყებულია. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა პირველადი საპროექტო იდეის ფორმა 18 და 19 ივნისს უნდა ჩააბარონ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ან ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ წარმომადგენელს.

„მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამა“, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ თანამშრომლობით ხორციელდება.

ფოტოები