კოდაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

02/05/2018

კოდის დევნილთა დასახლებაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, სააგენტოს პროგრამების მენეჯერმა დევნილებს „პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა. პროგრამა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, ითვალისწინებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ასევე, სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას. პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ 16 წლის ასაკს გადაცილებულ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge. სწავლის ვაუჩერის მისაღებად სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

შეხვედრაზე საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვა პროგრამების შესახებაც ისაუბრა, კერძოდ:

  • "განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა", რომლის ფარგლებშიც, დევნილებისთვის, 240 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სასათბურე მეურნეობები მოეწყობა. აისათვის თითოეულ ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს მიიღოს 10000 ლარამდე დაფინანება. საგრანტო პროგრამას, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-სთან ერთად ახორციელებს.
  • "დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა", რომლის ფარგლებშიც ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში ჩაირიცხა(ება) სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს აუნაზღაურებს.
  • "დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის" თანახმად კი დევნილებს, რომლებმაც 2016-2018 წლებში დაამთავრეს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი, სააგენტო, თვითდასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, 2000 ლარის ფარგლებში, სახელობო იარაღებს გადასცემს.

ასევე, საუბარი შედგა ახალ პროგრამაზეც, რომლის ფარგლებშიც გრანტები გაიცემა დევნილ მეწარმეებზე. პროგრამა, ამ ეტაპზე, შემუშავების სტადიაშია. მის გამოცხადებას სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს.

შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

 

ფოტოები