დევნილებისთვის პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20/04/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში პროფესიული განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოლეჯების „იკაროსი“, „მერმისი“, „სპექტრი“ და „განთიადი“ წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებმაც დამსწრე დევნილებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე პროფესიული პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ დევნილებს სააგენტოს პროგრამები გააცნო და აღნიშნა რომ ბოლო პერიოდში „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით“ სარგებლობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო დაფინანსებულთა რაოდენობამ 500 - სს მიაღწია.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით შემდეგ პროგრამებს ახორციელებს - „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“, „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა“. პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სააგენტო, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს აუნაზღაურებს. რაც შეეხება თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, მის ფარგლებში, დევნილებს, რომლებმაც 2016-2018 წლებში დაამთავრეს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, თვითდასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სახელობო იარაღებს გადასცემს.

სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყო და 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

ფოტოები