სააგენტოს დირექტორი ზუგდიდში დევნილებს შეხვდა

17/02/2018

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ახალ საგრანტო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა გავრცელდება დევნილებზე, რომლებმაც დევნილთა სამინისტროს პროგრამით "სოფლად სახლი" უკვე ისარგებლეს და მიღებული აქვთ სახლი საკარმისამო ნაკვეთით.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, დახმარებას აღმოუჩენს დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

ახალი პროექტი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, დავით კოდუამ და ზუგდიდის მერის მოადგილემ, მაიზერ ნანავამ დევნილებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს.

დღევანდელი შეხვედრის მიზანია, პროგრამის დამუშავების ეტაპზე, სააგენტოს მხრიდან დევნილთა საჭიროებების შესწავლა. მსგავს შეხვედრებზე გამოთქმულ დევნილთა მოსაზრებებს სააგენტო, შესაძლებლობის ფარგლებში, ასახავს პროგრამის საბოლოო რედაქციაში.

სააგენტო, საგრანტო პროგრამის დაწყებას მიმდინარე წლის გაზაფხულზე გეგმავს.

ფოტოები