საარსებო წყაროების ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

16/02/2018

საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია და ამავე სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა.

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები ორიენტირებულია დევნილთა განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობაზე; მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე; დევნილთათვის საარსებო წყაროების გრანტების მოპოვებაზე; სახელმწიფოში არსებულ საარსებო წყაროების პროგრამებში მათი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდაზე, რაც მიიღწევა მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის გზით, მათი დროული და ეფექტური ინფორმირებით. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე და ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს.

სამოქმედო გეგმაში შევიდა სამი ძირითადი ცვლილება, რომელთა თანახმადაც:

  1. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, დახმარებას აღმოუჩს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს სათბურების მშენებლობაში.
  2. მოხდება დევნილთა მცირე და/ან საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, დაფინანსების გზით. აღნიშნული ხელს შეუწყობს დევნილებს, ბიზნესის განვითარებაში. მათ გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავალი და იქნებიან ფინანსურად დამოუკიდებლები სახელმწიფოსგან.
  3. სააგენტო გეგმავს მემორანდუმის გაფორმებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიასთან. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო საპილოტე პროექტი.

ცვლილებები შევიდა „იძულებით გადაადგილე­ბულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიაში“. ახალი რედაქციის თანახმად, სტრატეგია, 4 წლის ნაცვლად, იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე სტრატეგიის მიზნები არ იქნება მიღწეული. ცვლილება შეეხო სააგენტოს სახელწოდებასაც. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება დევნილების გარდა, პროექტები/პროგრამები განახორციელოს ეკომიგრანტების საარსებო წყაროს შექმნის კუთხით, სააგენტოს სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“.

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტოს მუშაობის შედეგად არაერთი წარმატებული ცვლილება განხორციელდა, ესენია:

  • 2016-2017 წლებში საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებით 3000 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა;
  • წინა წლებთან შედარებით, სააგენტოს წყალობით, დევნილების საარსებო წყაროების პროგრამებზე 2,500,000 ლარით მეტი დაიხარჯა;
  • სააგენტოს ადმინისტრირების ხარჯები არის დაბალი, რამაც საშუალება მისცა მოეპოვებინა ევროკავშირის გრანტი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად უკიდურესად გაჭირვებული დევნილი ოჯახებისთვის 900-ზე მეტი საარსებო წყაროს შექმნის პროექტი დაეფინანსებინა;
  • სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის შედეგად 43% - დან 75% - მდე გაიზარდა დევნილების ცნობადობა საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ;

სააგენტოს ძალისხმევით 2015 წელთან შედარებით საარსებო წყაროების სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა 2016-2017 წლებში მკვეთრად გაიზარდა:

 

პროგრამის დასახელება

საშუალო წლიური ზრდა

2016-2017 წწ ჯამური ზრდა

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა

548%

1095%

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა

224%

447%

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა

319%

319%

სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში დევნილთა ჩარიცხვა

44%

87%

დევნილთა პროფესიული განათლების მხარდაჭერის პროგრამა

პროგრამა შეიქმნა 2016 წელს და დაფინანსება მიიღო 77-მა, ხოლო 2017 წელს - 155-მა დევნილმა

ფოტოები