სააგენტოში კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21/09/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში თბილისში, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს პროგრამების მენეჯერმა „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა“  გააცნო. ახალი საგრანტო პროგრამა, სააგენტოში, მიმდინარე წლის სექტემბერში ამოქმედდა და მისი მიზანია, დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობა მათთვის სახელობო იარაღების შესყიდვის გზით.

პროგრამის მიხედვით, თვითდასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, 50-მდე დევნილს, რომლებმაც 2016-2017 წლებში დაამთავრეს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები,  სახელობო იარაღები გადაეცემა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ექვემდებარება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური საგრანტო განაცხადები. ინდივიდუალური საგრანტო განაცხადის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 1600 ლარი. ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში გრანტის ოდენობა განისაზღვრება ჯგუფის წევრთა რაოდენობის მიხედვით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 1600 ლარს. ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში დასაშვებია მაქსიმუმ 3 კურსდამთავრებულის გაერთიანება. პროგრამის ფარგლებში დაშვებულია, როგორც დამწყები, ისე არსებული საქმიანობის ხელშეწყობა თვითდასაქმებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის გზით.  დასაშვებია მხოლოდ ერთი საგრანტო ინიციატივის დაფინანსება, თუნდაც იგი მოიცავდეს რამდენიმე ხელსაწყოს შეძენას, რომლებიც საერთო ჯამში ერთი პროექტის განხორციელებას ემსახურება.

პროგრამის ფარგლებში შეირჩა 52 პროფესია, რომლის კურსდამთავრებულსაც აქვს შესაძლებლობა თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო.

პროფესიათა ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი, უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული განაცხადი (დანართი N1) და ჩააბაროს სააგენტოში, რომლის მისამართია ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შემდეგ მისამართზე: info@livelihood.gov.ge

შეხვედრას ესწრებოდნენ: ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის, საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის  პროფესიული მომზადების ცენტრის, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“, საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“, პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ წარმომადგენლები.

საგრანტო განაცხადის ფორმა და დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ფოტოები