ხშირად დასმული შეკითხვები

პასუხები და განმარტებები მეწარმეობის წამოწყებისა და მართვის უმნიშვნელოვანეს კითხვებზე.

მიკრო ბიზნესი

მიკრობიზნესის სტატუსი ენიჭება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. მიკრობიზნესის სტატუსის მისანიჭებლად არ არის სავალდებულო, პირი იყოს რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკურ პირად. მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას ბ) დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი 2). 

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის აკრძალულ საქმიანობათა რიცხვს მიეკუთვნება: 
1. საქმიანობები, რომელთაც სჭირდება ლიცენზირება ან ნებართვა
2. საქმიანობები, რომელთა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა, გადააჭარბოს 30000 ლარს;
3. სავალუტო ოპერაციების ქმედება;
4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
5. სათამაშო ბიზნესი.
6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც პირი აწარმოებს, ყიდულობს ან ამუშავებს საქონელს). (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილება, დანართი N2)

მიკრობიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიგანცხადების მიღებიდან ვადაში გასცემს მიკრობიზნესის სერტიფიკატს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-3).

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-5)

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირს აკრძალული აქვს ნებისმიერი პირის შრომის გამოყენება, გარდა ოჯახის წევრისა (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი 7).

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის არ აქვს ვალდებულება, თუმცა მას შეუძლია, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში გამოწეროს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომელშიც აუცილებლად უნდა მიუთითოს მისი სტატუსი და სერტიფიკატის ნომერი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-6).

პირს მიკრობიზნესის სტატუსი გაუუქმდება, თუ: ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს. გ) ფიზიკურაი პირი ეწეოდა მიკრობიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული პიროვნება (დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეული იყოს ოჯახის წევრები); ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება; ვ) მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-8).

თუკი მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას, მყისვე, 15 კალენდარული დღის ვადაში, უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებისთვის . აღნიშნული უფლების აგამოუყენლობისას მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრობიზნესის სტატუსი და გათავისუფლდება დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლიმე-8).

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-5).

მცირე ბიზნესი

მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე) და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს შესაძლებელია ჰყავდეს დაქირავებული(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-11).

მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობებია:

1. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას

2. საქმიანობა, რომელიც საწიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება)

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;

5. სათამაშო ბიზნესი;

6. პერსონალით უზრუნველყოფა;

7. აქციზური საქონლის წარმოება (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილება, დანართი N5). 

მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აღნიშნული აქვს ერთობლივი შემოსავლთან დაკავშირებული 60%-ის ხარჯის (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.

სხვა შემთხვევებში, მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალი იბეგრება 5%-იანი განაკვეთით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-13).

მცირე ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად მეწარმე ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გონივრულ ვადაში გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. სერტიფიკატი ძალაშია შემდგომ საანგარიშო პერიოდებშიც, თუ ფიზიკურ პირს არ უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-12).

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-15).

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხა ბიუჯეტში შეიტანოს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს მიმდინარე გადასახადის გადახდა არ ევალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მან საქმიანობა დაიწყო ან/და მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა მიმდინარე საანგარიშო წელს ან მას წინა საანგარიშო წელს მინიჭებული ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი და იგივე წელი დაასრულა მიკრობიზნესის სტატუსით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-15)

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-16).

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ასახავს ხარჯის შესახებ ინფორმაცია ს. აღნიშნული ჟურნალის გახსნა შესაძლებებლია ყოველ კალენდარულ წელზე და იგი გადამხდელმა უნდა შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იყენებს დასაბეგრი შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრის უფლებას, იგი ვალდებულია ამ შემოსავალთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯი დაადასტუროს საქართველოს საგადასახდო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-16).

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ შესაძლებელია შემდეგი სახის კონტროლი:

ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა
ბ) დათვალიერება
გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა
დ) ქრონომეტრაჟი
ე) ინვენტარიზაცია 

(საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანება, მუხლი მე-20).

ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას, დაჯარიმდება სსკ-ის 288-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობით. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იმ შემთხვევაშიც დაჯარიმდება, თუკი მას კალენდარული წლის განმავლობაში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის 3-ჯერ დაეკისრება სანქცია.

სალარო აპარატი

საკონტროლო–სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ პირებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების მომხმარებლისათვის მიწოდებას ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით აწარმოებენ. 

იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწერება, მიმწოდებელი თავისუფლდება როგორც საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების, ასევე, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოწერის ვალდებულებისაგან. ამასთან, ის გადამხდელი თავისუფლდება არა მარტო სსა-ის გამოწერის, არამედ ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისგანაც.

ამჟამად, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციას სსიპ შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს იურიდიული პირი - შპს ჯორჯიან სერვის ნეტვორქი.

იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ N45.

ობიექტის ფუნქციონირება სსა-ის გარეშე გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი:

ა) პირს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა 
ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში მის სახელზე 
გ) სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია რეესტრიდან და კანონმდებლობით დადგენილი ვადა გამოყენებისათვის დაშვებული გასულია
დ) სსა-ზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება ხდება არაფისკალური რეჟიმით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-20).

სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს აქვსსაგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციისას სსა-ის გამოყენება. ეს თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მომხმარებლისგან ყოველი ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა ის შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-20).