სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

18/12/2015

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა მიმართ 2015-2016 წ.წ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებს განსახილველად ორი დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარედგინათ: იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროების ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამოქმედო პროცედურის პროექტი. 

აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროების ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო და თვითკმარობაზე ორიენტირებული ინიციატივების დაფინანსების გზით სტაბილური შემოსავლის შექმნას. სსიპ – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამოქმედო პროცედურის პროექტი კი განსაზღვრავს სააგენტოს გამართული ფუნქციონირების საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს.

სესიას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განხილული დოკუმენტების გასაუმჯობესებლად შენიშვნები, კომენტარები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. 

შეხვედრის დასასრულს, დოკუმენტების საბოლოოდ გამართვის მიზნით დამატებითი სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნა გადაწყდა. აღნიშნული დოკუმენტები სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად 2016 წლის იანვარში წარედგინება.

Photos